2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, მთავარი მწვრთნელის პოსტზე მილტონ ჰეიგის ნაცვლად ლევან მაისაშვილი დაინიშნა და როგორც უკვე მოგახსენეთ, ქართული რაგბის ორი უმთავრესი გამარჯვების მთავარ გმირად ქართველი სპეციალისტი იქცა. ისტორიული გამარჯვებები არ იყო შემთხვევითობა – ეს იყო იმ დაუღალავი შრომის შედეგი, რომელიც ლევან მაისაშვილმა და მისმა გუნდმა ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო.

მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, მაისაშვილმა განაცხადა, რომ ჩვენ ფაქტობრივად ახალ გუნდს ვაშენებთ, რომელიც თამაშიდან თამაშამდე გაიზრდება და ბოლოს თვისობრივად გაცილებით უფრო ძლიერი გუნდი იქნება. მაისაშვილმა თავიდანვე მკაფიოდ ჩამოაყალიბა, რომ სუსტ მეტოქესთან 80 ქულით გამარჯვებას, ელიტარულ გუნდებთან თამაშით მიღებული გამოცდილება და მარცხი სჯობს, რათა გავიზარდოთ და წინ წავიდეთ.
მეთოდურად, ნაბიჯ-ნაბიჯ სწორი პოლიტიკის შედეგად, დღეს ქართული რაგბი მსოფლიოს სარაგბო ოჯახის ღირსეული წევრია. საქართველოს გააჩნია ობიექტური პრეტენზია, რომ მისი ადგილი საუკეთესოთა შორისაა. თაობათა ცვლის პროცესი დასრულებულია და ნაკრები ერთ დიდ მუშტადაა შეკრული, რომელმაც თამასა მნიშვნელოვნად ასწია. შედეგად, ბორჯღალოსნებმა საკუთარ თავს უმაღლესი მიზნები დაუსახეს.
„ეს გამარჯვება უმნიშვნელოვანესი იყო, პირველ რიგში საკუთარი თავის რწმენისთვის. შეკრების დაწყების პირველ დღეს ბიჭებს ვუთხარი – იტალიასთან მოგებით, თამასა მაღლა აწიეთ, ახლა იფიქრეთ იმაზე, რომ ის კიდევ უფრო მაღლა ავწიოთ“, -ლევან მაისაშვილი.
თუკი ათი წლის წინ, ქართული რაგბის სახე ძლიერი შერკინება გახლდათ და ჩვენი რაგბი ძირითადად „აიღე და მიეძალეს“ პრინციპით ვითარდებოდა, დღეს ბრწყინვალე ბექები გვყავს, ფორვარდებისა და ხაზის მოთამაშეების იდეალური ბალანსი გვაქვს. ამის ნათელი დასტური დავით ნინიაშვილია, რომელიც ქართული რაგბის მომავალია. ბიჭი, რომელიც „ხვამლიდან“ „ლიონში“ გადავიდა და ბიჭი, რომელიც ისეთ ლეგენდასაც არ შეუშინდა, როგორიცაა ირლანდიელი კიან ჰილი.
დავით ნინიაშვილი მსოფლიო დონის ქართველი ვარსკვლავია და ისტორიაში მეორე ბორჯღალოსანი, რომელმაც ფრანგული რაგბის უპრესტიჟულესი ჯილდო – რაგბის ოსკარი მიიღო! ის არის იტალიისა და უელსის წინააღმდეგ მოპოვებული ისტორიული გამარჯვებების ერთ-ერთი მთავარი გმირი და ინსპირაციის წყარო მომავალი თაობისთვის.
დღეს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, მსოფლიო რეიტინგის მე-11 პოზიციაზე იმყოფება, რაც ასევე ისტორიაში საუკეთესო შედეგია. ბორჯღალოსნები 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასისთვის აქტიურ მზადებას გადიან და ნაკრებში ამაღლებული საბრძოლო განწყობაა. ნაკრებში არის რწმენა, რომ ისტორიული შედეგის არა მხოლოდ გამეორება, არამედ გაუმჯობესება შეგვიძლია და ამისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს.

„არასწორი მოლოდინები აჩენს დიდ იმედგაცრუებას. ჩვენ კარგად გვესმოდა, რა დონის გუნდებთან მოგვიწევდა თამაში, თანაც მაშინ, როდესაც პრაქტიკულად ახალ გუნდს ვაშენებდით და თავიდანვე განისაზღვრა მიზანი – თამაშიდან თამაშამდე გავზრდილიყავით, უკეთესი რაგბი გვეთამაშა და გვქონოდა პროგრესი. პირადად მე ვთვლი, რომ ამ პერიოდში ძალიან დიდი პროგრესი გვქონდა და ახლა თვისობრივად სხვა გუნდი ვართ“, – ლევან მაისაშვილი.
მსოფლიო თასის დაწყებამდე ცოტა დროა დარჩენილი, სადაც კარგად ნაცნობ მეტოქეებს – ავსტრალიას, უელსს, ფიჯისა და პორტუგალიას შევერკინებით. ზედიზედ მეექვსედ ვიასპარეზებთ მსოფლიო თასზე და გულშემატკივრებს, კიდევ ერთხელ მოგვეცემა იმის შესაძლებლობა რომ ტრიბუნებიდან, ბარებიდან, ღია სივრცეებიდან, თუ უბრალოდ ტელეეკრანებთან მეგობრების გარემოცვაში მყოფებმა ერთხმად შევძახოთ „მიაწექი საქართველო“.
დიახ, ეს არის თამაში, რომელიც ჩვენს იდენტობას უსვამს ხაზს! ეს არის თამაში, რომელიც მოთამაშეებსა და გულშემატკივრებს ბრძოლაში გვაერთიანებს და შერკინებაში ერთად ვაწვებით. ეს არის თამაში, რომელიც არ დაგვიწყია არც 1989 წელს საქართველოს რაგბის კავშირის დაარსებით და არც 1961 წელს, თბილისის რაგბის სექციის შექმნით. საქართველოში რაგბს ლელობურთის სახით, რამდენიმე საუკუნოვანი ისტორია აქვს.
შეუძლებელია ისაუბრო ქართულ რაგბზე, იდენტობასა და წარსულზე და არ ახსენო ლელობურთი, რომელსაც ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და რომელიც შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველოში რაგბის წინამორბედია – ქართული რაგბის წინაპარია.
ლელობურთი – ერთ-ერთი უძველესი თამაშია და მისი ტრადიცია გურიაში, სოფელ შუხუთში დღემდე გრძელდება. ყოველ წელს, აღდგომის დღესასწაულზე უამრავი ადამიანი იკრიბება თამაშში მონაწილეობის მისაღებად თუ საყურებლად.
რაგბი ჩვენი თამაშია და აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ჩვენთვის დღეს დახურული 6 ერის კარი გაიღება! აუცილებლად დადგება დღე, როდესაც მსოფლიო რაგბი მიიღებს მოცემულობას, რომ საქართველო არის ტიერ 1-ის ქვეყანა, სადაც რაგბი ეროვნული სპორტია!
და ბოლოს, ბლოგი ჩვენი მომავალი მეტოქის, ავსტრალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის – ედი ჯონსის ციტატით დავასრულოთ: „ბორჯღალოსნებს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ – საქართველოს, რეიტინგში მასზე წინ მდგომ ნებისმიერ ნაკრებთან შეუძლია ბრძოლა“.
და რადგან გვაქვს ისტორიული შანსი, რომ წლევანდელ რაგბის მსოფლიო თასზე დავაფიქსიროთ საუკეთესო შედეგი და ვიყოთ საუკეთესოები, საუკეთესოთა შორის – მიაწექი საქართველო!