ქართული ფეხბურთის ისტორიაში 2024 წელი უზარმაზარი ასოებით მოინიშნება. ოქროს თაობამ, რომლის იმედიც ქართველებს მათი გამოჩენის წამიდან გვქონდა, შეძლო ის, რაც მხოლოდ ძალიან ოპტიმისტურ ოცნებებში თუ წარმოგვედგინა.

ჩემპიონატის 80-ზე მეტწლიანი არსებობის პერიოდში, ეროვნული ნაკრები პირველად კვალიფიცირდა ევროპაზე და ბიჭებმა გვანახეს ის ჟინი, თავდადება და მიზანდასახულობა, რის შესახებაც არაერთი თაობა კიდევ მრავალი წელი ისაუბრებს.

3 გვჯერა - მთავარი გამარჯვება წინ არის!

ყველაფერი 2020 წელს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის ფინალში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან განცდილი მარცხით დაიწყო. 1 ნაბიჯი Euro 2020-მდე და მტკივნეული წაგება, რომელმაც ფაქტია, უდიდესი გავლენა იქონია ჩვენს მენტალურ და ფიზიკურ სიძლიერეზე.

4 წლის შემდეგ, 60 000-მდე მაყურებლის თვალწინ ჯერ ლუქსემბურგი დავამარცხეთ, შემდეგ საბერძნეთი და მოვხვდით იქ, სადაც ადგილი ყოველთვის გვეკუთვნოდა.

Euro 2024-ის კარი საქართველოს ნაკრებმა იმაზე ხმაურიანად შეაღო, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა. საამაყოდ ვიასპარეზეთ საკმაოდ რთულ ჯგუფში, სადაც წარმატებას ბევრი არ გვიწინასწარმეტყველებდა. დიდი როლი ითამაშა ქართველმა ქომაგმა. გულშემატკივრის მხარდაჭერამ სამშობლოსგან 3 ათასზე მეტი კილომეტრის მოშორებით ბიჭებს წარმოუდგენლად დიდი მუხტი მისცა.

2 გვჯერა - მთავარი გამარჯვება წინ არის!

პირველ მატჩში, თურქეთთან ძალიან არ გაგვიმართლა, ბევრი გამოუყენებელი შანსისა და უიღბლობის შედეგად დავმარცხდით, მაგრამ ისევ გვჯეროდა.

ჩეხეთი იმაზე უხერხული მეტოქე აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით. დაძაბულ შეხვედრაში, სადაც ბოლო წუთზე საგოლე შანსიც შევქმენით, ფრე ვითამაშეთ და ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული პირველი ქულა მოვიპოვეთ.

ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, პლეი-ოფში გასასვლელად EURO 2024-ის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტთან მხოლოდ მოგებაღა გვყოფნიდა, მაგრამ არცერთ ეპიზოდში დაგვიკარგავს შემართება და რწმენა, რომ სასწაულის მოხდენა შეგვეძლო. ტურნირის ერთ-ერთი უდიდესი სენსაცია – ასე შეაფასა საფეხბურთო სამყარომ ჩვენი პორტუგალიასთან თამაში, სადაც დავამტკიცეთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ტურისტებად არ ჩავსულვართ და კუთვნილ ადგილს ვიმსახურებდით. მსოფლიო კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ნაკრებში არაერთი უმაღლესი დონის ახალგაზრდა გვყავს. ჯგუფური ეტაპის საუკეთესო გოლეადორი გიორგი მიქაუტაძე, პორტუგალიასთან უმნიშვნელოვანესი გოლის გამტანი ხვიჩა კვარაცხელია, მოედნის ცენტრში უშეცდომოდ მდგარი გიორგი ქოჩორაშვილი და ტურნირის საუკეთესო მეკარე, გიორგი მამარდაშვილი სწორედ ამას მოწმობენ.

1/8 ფინალში ესპანეთს პირველი გოლი ჩვენ გავუტანეთ, ვანერვიულეთ და პირველი ტაიმი ფრედ დავუსრულეთ, მაგრამ მეორე ნახევარში, ტურნირის მთავარ ფავორიტთან ძალები აღარ გვეყო და EURO 2024-ს გამოვეთიშეთ. „შენთან, შენთანა ვარ, ნურაფრის ნუ გეშინია“ – ერთხმად, ამაყად და ცრემლმორეული უმღეროდა ქართველი გულშემატკივარი ნაკრებს. არასდროს ვყოფილვართ ასეთი ერთიანები დამარცხების შემდეგ. ან როგორ შეიძლება ამას დამარცხება ეწოდოს? ჩვენმა ბიჭებმა არნახული პროგრესი აჩვენეს, პირველად გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე, ითამაშეს ფრე ჩეხეთთან, დაამარცხეს პორტუგალია, გავიდნენ პლეი-ოფში და დაწერეს ისტორია, რომელიც თითოეულ ქართველს გვეამაყება. გვჯერა, ამით ჯერ არაფერი დასრულებულა და მთავარი გამარჯვება წინ არის!

1 გვჯერა - მთავარი გამარჯვება წინ არის!