EURO 2024-ის დაწყებამდე 2 თვეზე ნაკლებია დარჩენილი. უპრესტიჟულესი ტურნირი 14 ივნისს აიღებს სტარტს და 14 ივლისის ჩათვლით, გერმანიაში გაიმართება, სადაც ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას, კონტინენტის 24 საუკეთესო ნაკრები შეეცდება.
ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა სპორტულმა ტაბლოიდმა, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე 24 ქვეყნის ძალთა თანაფარდობის შესახებ ანალიტიკური სტატია გამოაქვეყნა, სადაც ტურნირის მთავარ ფავორიტად საფრანგეთი დაასახელა გასაკვირი არაა, რომ დებიუტანტი საქართველო რეიტინგის 24-ე ნომრადაა განთესილი, თუმცა, ეს მხოლოდ არაოფიციალური რეიტინგია და გვჯერა, რომ “ჯვაროსნები” ბრძოლის გარეშე არაფერს დათმობენ.
ჩვენ წინა სტატიაში უკვე ვისაუბრეთ ძალთა თანაფარდობის შესახებ და სიმბოლურია, რომ განვლილ ევროპის ჩემპიონატებსაც გადავხედოთ და გავეცნოთ იმ საინტერესო სტატისტიკებს, რომელიც ევროპის ჩემპიონატებზე დამყარდა.
2004 წელს ევროპის ჩემპიონატს პორტუგალიამ უმასპინძლა და ვარსკვლავური შემადგენლობით დაკომპლექტებული პორტუგალია ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტადაც ითვლებოდა. პორტუგალიამ ფინალში გასვლა შეძლო, სადაც 57-ე წუთზე, ანგელოს ხარისტეასის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით საბერძნეთთან დამარცხდა.
2004 წლის ევროპის ჩემპიონატი პორტუგალიისა და საბერძნეთის დაპირისპირებით დაიწყო და ფინალში ამავე ნაკრებების მატჩით დასრულდა. საბერძნეთმა პორტუგალია ჯგუფშიც დაამარცხა (1:2) და შემდეგ მთავარი ფურორი მოახდინა, რომელსაც ტურნირის დაწყებამდე ვერავინ წარმოიდგენდა.
პლეი-ოფში ბერძნებმა ჯერ საფრანგეთის, შემდეგ კი ჩეხეთის ბარიერი გადალახეს და ფინალის საგზური მოიპოვეს, სადაც მასპინძელი პორტუგალიაც დაამარცხეს და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლნენ.
ბერძნული ტრიუმფის მიუხედავად, ევრო 2004-ის ბომბარდირი ჩეხი მილან ბაროში გახდა, რომელმაც 5 გოლის გატანა შეძლო. საბერძნეთის საფეხბურთო ნაკრები დაბალშედეგიანობით გამოირჩეოდა და ხშირს შემთხვევაში, მატჩის ბედი მხოლოდ 1 გატანილი გოლით გადაწყდა. საპირისპიროდ, ბერძნებმა მეტოქეებს იდეალური დაცვა დაუპირისპირეს, რამაც მათი კარის აღება პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა. საბერძნეთის წარმატებაში ლომის წილი თეოდოროს ზაგორაკისმა დაიდო, რომელიც სრულიად დამსახურებულად ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
თანამედროვე ფეხბურთში გულშემატკივარი ლაღ და შედეგიან თამაშსაა მიჩვეული – ამ კომპონენტში შეიძლება ითქვას, რომ ევრო 2004 არც ისე სანახაობრივი გამოდგა და ტურნირზე მხოლოდ და მხოლოდ 77 გოლი გავიდა.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა დებიუტანტ ლატვიას ჰქონდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ 1 გოლის გატანა შეძლო, 5 გაუშვა და თამაშის მოუგებლად ქვეჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.

2008 წლის ევროპის ჩემპიონატს 2 მასპინძელი ჰყავდა. ტურნირის მატჩები ავსტრიასა და შვეიცარიაში გაიმართა და ფეხბურთის სტაჟიან გულშემატკივარს კარგად ემახსოვრება ესპანური ფეხბურთის ოქროს წლები, როდესაც „ფურია როხა“ მოედანზე დომინირებდა.
ევრო 2008 ესპანეთმა ერთი ამოსუნთქვით, მატჩის წაუგებლად მოიგო. ჯგუფურ ეტაპზე დაგროვებული 9 ქულის შემდეგ, ესპანეთმა იტალიას პენალტების სერიაში სძლია, შემდეგ რუსეთს 3 უპასუხო გოლი გაუტანა და ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც ფერნანდო ტორესის ერთადერთი გოლით გერმანია დაამარცხა.
ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ოქროს თაობამ სანახაობრივი ფეხბურთით ევროპის ჩემპიონატის მოგება შეძლო. ბომბარდირი დავიდ ვილა გახდა, ხოლო საუკეთესო მოთამაშედ ხავი დასახელდა.
ევრო 2004-ის მსგავსად, 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზეც 77 გოლი გავიდა. ტურნირზე მონაწილე ხუთმა ნაკრებმა (რუმინეთი, ავსტრია, პოლონეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი) მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, რაც შესაძლოა დებიუტანტი პოლონეთისგან არ იყო გასაკვირი, მაგრამ საფრანგეთისა და მოქმედი ჩემპიონი საბერძნეთისგან, ნამდვილად დიდ მოულოდნელობას წარმოადგენდა.
როგორც აღვნიშნეთ, დებიუტანტის გარეშე არც 2008 წლის ევროპის ჩემპიონატს ჩაუვლია – ამჯერად, ახალწვეული პოლონეთი გახლდა, ტომელმაც წინამორბედი ლატვიის ბედი გაიზიარა. მათ ტურნირზე მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხეს და 4 გაუშვეს. საბოლოოდ ტურნირი 1 ქულით და ჯგუფში ბოლო პოზიციით დაამთავრეს.

2012 წლის ევროპის ჩემპიონატსაც 2 მასპინძელი ჰყავდა. ტურნირს პოლონეთმა და უკრაინამ უმასპინძლეს და გამარჯვებული კვლავ ესპანეთი გახდა, რომელიც ჩემპიონის ტიტულს მესამედ დაეუფლა.
ვისაუბრეთ ესპანური ფეხბურთის ოქროს წლებზე და ამის ლოგიკური მიზეზი, ის ტოტალური დომინაცია გახლდათ, რომელსაც „ფურია როხა“ ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით აღწევდა.
ესპანეთმა ევროპის ჩემპიონატი ამჯერადაც დაუმარცხებლად მოიგო. ჯგუფურ ეტაპზე 7 ქულა დააგროვა, პლეი-ოფში კი ჯერ საფრანგეთს სძლია, შემდეგ კი პორტუგალია პენალტების სერიაში დაამარცხა. ფინალში ესპანეთმა იტალია გაანადგურა და 4 უპასუხო გოლი გაუტანა.
2012 წლის ევროპის ჩემპიონატიც არც ისე შედეგიანი გამოდგა. ტურნირზე გამართულ ყველა მატჩში მხოლოდ 76 გოლი გავიდა. ბომბარდირის ტიტულის ერთპიროვნული მფლობელი კი ვერ გამოვლინდა, რადგან ექვსმა ფეხბურთელმა 3-3 გოლის გატანა შეძლო.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ანდრეს ინიესტა დასახელდა, რომელმაც იმ დროისთვის ხავისთან ერთად, ნახევარდაცვის საუკეთესო დუეტი ჩამოაყალიბა.
ევრო 2012-ის დებიუტანტი თანამასპინძელი უკრაინა გახლდათ, რომელმაც 1 მოგებითა და 2 მარცხით ჯგუფური ეტაპის დაძლევა ვერ შეძლო. ჯგუფურ ეტაპზე მათ 2 გოლის გატანა მოახერხეს, ხოლო საკუთარ კარში 4 გოლი მიიღეს.

2016 წლის ევროპის ჩემპიონატს საფრანგეთმა უმასპინძლა და დიდიე დეშამის გაწვრთნილი საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრები ტურნირის ერთ-ერტი მთავარი ფავორიტი გახლდათ.
ესპანური დომინაციის შემდეგ, ევროპაში ახალი მონსტრი იკვეთებოდა, რომელსაც საფრანგეთი ერქვა და რომელმაც მომავალ ტურნირებზე გაიბრწყინა, თუმცა, მშობლიურ კედლებში დრამატულ ფინალში დამარცხდა.
ევრო 2016-ის გამარჯვებული პორტუგალია გახდა, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი ფრედ დაასრულა და მხოლოდ 3 ქულით შეძლო პლეი-ოფის საგზურის მოპოვება.
პლეი-ოფში პორტუგალიამ დამატებით დროში შეძლო ხორვატიის დამარცხება, პენალტების სერიაში კი პოლონეთს სძლია. ერთადერთი მატჩი, რომელიც ევრო 2016-ზე პორტუგალიამ ძირითად დროში მოიგო, უელსის წინააღმდეგ გამართული ნახევარფინალია, სადაც რონალდუსა და ნანის გოლებით, პორტუგალიამ ფინალის საგზური მოიპოვა.
ფინალში ფავორიტის სტატუსით საფრანგეთი სარგებლობდა და პორტუგალიის მდგომარეობა იმ ფაქტმაც დაამძიმა, რომ კრიშტიანუ რონალდუმ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. ძირითადი დროის ფრედ (0:0) დასრულების შემდეგ, ედერმა 109-ე წუთზე შორეული გასროლით აიღო საფრანგეთის კარი და პორტუგალიას ევროპის ჩემპიონის ტიტული მოუპოვა.
2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე 108 გოლი გავიდა. ბომბარდირი ფრანგი ანტუან გრიზმანი გახდა, რომელიც საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა. ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე კი პორტუგალიელი რენატუ სანჩესი გახდა, რომელზეც იმ დროს დიდ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ მისი კარიერა არც ისე სახარბიელოდ განვითარდა და საბოლოოდ სანჩესი ვერ ჩამოყალიბდა იმ დონის ვარსკვლავად, როგორსაც ელოდნენ.
ევრო 2016-ს 4 დებიუტანტი (უელსი, ჩრდილოეთ ირლანდია, ალბანეთი, ისლანდია) ჰყავდა. თითოეულ მათგანზე ვრცლად რომ არ ვისაუბროთ, მხოლოდ უელსზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომელმაც სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალში ასპარეზობა შეძლო. გარეთ ბეილის მეთაურობით უელსელებმა ჯგუფურ ეტაპზე 2 მატჩი მოიგეს და პლეიოფში მერვედ და მეოთხედფინალებშიც გამარჯვება იზეიმეს. ტურნირზე მათ 10 გოლის გატანა შეძლეს და საპასუხოთ მხოლოდ 6 მიიღეს. საბოლოოდ უელსი, ტურნირის გამარჯვებულმა, პორტუგალიამ გამოაგდო რონალდოს და ნანის გოლების მეშვეობით.

ისტორიული ევროპის ჩემპიონატი, რომლიც მატჩებიც 11 ქვეყანაში გაიმართა. კოვიდ პანდემიის გამო, ტურნირი 2020 წლის ნაცვლად, 2021 წლის ივნისში გაიმართა და ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩებს აზერბაიჯანმა, დანიამ, ინგლისმა, გერმანიამ, უნგრეთმა, იტალიამ, ნიდერლანდებმა, რუმინეთმა, რუსეთმა, შოტლანდიამ და ესპანეთმა უმასპინძლეს.
„უემბლიზე“ გამართულ ფინალში, ინგლისი ისტორიულ ტიტულთან ახლოს იყო, თუმცა იტალიის ბარიერი კვლავ ვერ გადალახა და პენალტების სერიაში დამარცხდა. ფინალისკენ მიმავალ გზაზე იტალიამ ავსტრია, ბელგია და ესპანეთი დაამარცხა.
წინა ევროპის ჩემპიონატებისგან გასხვავებით, ევრო 2020 საკმაოდ შედეგიანი გამოდგა. ტურნირზე გამართულ ყველა მატჩში 142 გოლი გავიდა და გულშემატკივარმა არაერთი სანახაობრივი დაპირისპირება იხილა.
ტურნირს ერთპიროვნული ბომბარდირი არ ჰყავდა, კრიშტიანუ რონალდუმ და პატრიკ შიკმა 5-5 გოლის გატანა შეძლეს. საუკეთესო მოთამაშედ იტალიელი ჯიჯი დონარუმა, ხოლო საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ ესპანელი პერდი დასახელდა.
ევრო 2020-ს ორი დებიუტანტი – ფინეთი და ჩრდილოეთ მაკედონია ჰყავდა. დიახ, სწორედ ის ჩრდილოეთ მაკედონია, რომელმაც „დიმანო არენაზე“ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დაამარცხა და ამ გზით შეძლო საგზურის მოპოვება.
ჩრდ. მაკედონიამ სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ 2 გოლის გატანა შეძლო და 8 გაუშვა, სამივე მატჩში დამარცხდა და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.

ევროპის ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატისა და მატჩების გაზრდილი რაოდენობის გამო, ტურნირზე გატანილი გოლების მატების ტენდენციაა და იმედი გვაქვს, რომ გამონაკლისი არც ევრო 2024 იქნება, სადაც საქართველო დებიუტანტის რანგში ითამაშებს.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები დორტმუნდში, ჰამბურგსა და გელზენკირხენში ითამაშებს:
როგორც უკვე გითხარით ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში 2024 წლის 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით, გერმანიის 10 ქალაქში გაიმართება. ტურნირზე 24 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ექვს 4-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდება.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს და შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ჯგუფში მოუწევს თამაში, სადაც უპირობო აუტსაიდერი ნამდვილად არაა.
სადებიუტო მატჩი 18 ივნისს, დორტმუნდში თურქეთის წინააღმდეგ გაიმართება. 22 ივნისს, ჰამბურგში, საქართველო ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს.
საქართველო ევროპაზეა და გვჯერა, რომ ამ ისტორიული მიღწევის ლოგიკური გაგრძელება ევროსარბიელზე წარმატებული თამაში იქნება.