ქართული წყალბურთის ფლაგმანი, „დინამო თბილისი“, ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მე-5 წელია ასპარეზობს – ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, სადაც მხოლოდ საუკეთესოები ხვდებიან. დიდი გამარჯვებებისკენ მიმავალ გზამდე, იყო წარსული, რომელიც არაერთ ლეგენდარულ მოთამაშეს თუ ისტორიულ მოვლენას აერთიანებს. ამ ბლოგში, „დინამო თბილისის“ წარსულიდან მნიშვნელოვან მომენტებს მოგიყვებით და შევეცდებით, გუნდი კიდევ უფრო საინტერესო კუთხით დაგანახოთ.

ყველაფერი 1938 წელს დაიწყო. “დინამო თბილისს” საფუძველი ლეგენდარულმა მოთამაშემ, მწვრთნელმა და ორგანიზატორმა, ლუკა იოაკიმიდმა ჩაუყარა. მისი თაოსნობით, სპორტსაზოგადოება “დინამოში”, ცურვისა და წყალბურთის პირველი ჯგუფები გაიხსნა. იოაკიმიდი კარგ მოცურავეებს არჩევდა და მათ წყალბურთში გადაბირებას ცდილობდა – მათ შორის იყვნენ პირველი თაობის საქართველოსა და მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავები, ნოდარ გვახარია და პეტრე მშვენიერაძე.
ქართული წყალბურთის განვითარების პირველ საფეხურებს II მსოფლიო ომის დაწყება ემთხვევა. სპორტული ღონისძიებები შეჩერდა, თავად იოაკიმიდი კი ფრონტზე იმყოფებოდა და სამხედროებს ცურვას ასწავლიდა.

ომის შემდეგ, გუნდი ახალ საფეხურებზე ავიდა. 1958-ში, “დინამოელები” სსრკ ხალხთა სპარტაკიადაზე ბრინჯაოს მედალს პირველად დაეუფლნენ და პირველი საერთაშორისო მატჩიც ითამაშეს: თბილისში, გდრ-ს მეორე ნაკრები, თბილისურმა კლუბმა ანგარიშით 4:2 დაამარცხა.

50-იანი წლების მეორე ნახევარსა და 60-იანებს უკავშირდება “დინამო თბილისის” ოქროს პერიოდი. საერთო ჯამში, სპარტაკიადაზე, „დინამოს“ წყალბურთელები 3-ჯერ ვერცხლის, 4-ჯერ კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლნენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 1979 წელს მოპოვებული მეორე ადგილი, როდესაც ამ ტურნირში იუგოსლავიის, უნგრეთისა და რუმინეთის გუნდებიც ასპარეზობდნენ.

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებას რთული 90-იანი მოჰყვა, რომელიც წყალბურთზეც აისახა. „დინამო თბილისმა“ არსებობა დროებით შეწყვიტა, თუმცა 2017 წელს, გუნდი მოქმედმა წყალბურთელებმა აღადგინეს – მათ, ვისი მამებიც 80-იანი წლების „დინამოს“ შემადგენლობაში თამაშობდნენ. დიდ ტრადიციებზე მდგომმა გუნდმა, განახლებიდან ორ წელიწადში, ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზა და პირველი გამარჯვებაც მოიპოვა: „დინამოელებმა“ ფრანგული „მარსელი“ ანგარიშით 15:12 დაამარცხეს.
განახლებისთანავე, გუნდის მენეჯმენტმა ღიად განაცხადა, რომ „დინამო თბილისი“ იყო გრძელვადიანი პროექტი, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ, დიდ წარმატებას მიაღწევდა. დაუღალავი შრომა, მოტივაცია, მიზანი და უტეხობა ის საკვანძო კომპონენტებია, რომელთა საშუალებითაც, „დინამოელები“ წლიდან წლამდე წინ მიიწევენ. გამოცდილი სერბი სპეციალისტის, დეიან სტანოიევიჩის ხელმძღვანელობით, ასევე დიდ ტურნირებზე ნათამაშებ ლეგიონერებთან მხარდამხარ თამაშით, „დინამოსა“ და საქართველოს ნაკრებს გამარჯვების წყურვილით სავსე, ახალი თაობა ეზრდება – მოთამაშეები, რომლებმაც, ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანეს.
მიმდინარე სეზონში, ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში, „დინამოელები“ მოქმედ ჩემპიონს, „პრო რეკოს“ (იტალია), „ოლიმპიაკოსსა“ და „იუგ დუბროვნიკს“ დაუპირისპირდებიან. „დინამოს“ ფენიქსივით აღდგენის, ფონად მყოფი მრავალწლიანი ისტორიის, უშრეტი შემართებისა და პროფესიონალიზმის ფონზე, ერთი რამ ცხადია: ახალგაზრდებით სავსე გუნდი, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო კლუბებსა და ოლიმპიურ ჩემპიონებს ეპაექრება და სეზონიდან სეზონამდე უკეთესი ხდება, აუცილებლად გაიმარჯვებს.
