„ვისაუბროთ ყველაზე დიდი გამარჯვების შესახებ. კარდიფში, საქართველომ უელსი დაამარცხა. სწორედ ეს გახდა სეზონის შოკი და მისმა შედეგმა განსაკუთრებული ცვლილება მოახდინა“ – ქართული რაგბის სტაჟიანი გულშემატკივარიც კი ნაკლებად წარმოიდგენდა, რომ ოდესმე დადგებოდა დღე, როდესაც ავტორიტეტული ევროპული ტაბლოიდების მთავარი თემა, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გახდებოდა.
ქრონოლოგიურად განვიხილოთ, როდის დაიწყო ქართული რაგბის აღმავლობა და პირველი ნაბიჯების შემდეგ, იმ წარმატებამდეც მივიდეთ, რომელსაც ბორჯღალოსნებმა მიაღწიეს.

ბათუმში ქართული რაგბის ისტორია დაიწერა, როდესაც ბორჯღალოსნებმა იტალიის დამარცხებით, ტიერ 1-ის ქვეყნის წინააღმდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვეს. თითქოს ბათუმში მოპოვებული ისტორიული გამარჯვება არ კმაროდა – ჩვენმა ბიჭებმა კიდევ ერთხელ გვასახელეს და საშინაო გამარჯვებას, საგარეო ტრიუმფიც მიაყოლეს. კარდიფში, ბორჯღალოსნებმა გაცილებით უფრო ძლიერი – უელსი დაამარცხეს.
ქართული რაგბი ისტორიულ მწვერვალზეა. ასაკობრივ, ეროვნულ თუ საკლუბო დონეზე, არასდროს ვყოფილვართ იმ სიმაღლეზე, რომელზეც დღეს ვიმყოფებით. ცალკე აღნიშვნის ღირსია სამსაჯო ასპექტი, სადაც ნიკა ამაშუკელი მსოფლიოს ელიტარულ არბიტრთა შორისაა და 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე გაირჯება. ამ ყველაფერს თავისი ლოგიკური ახსნა აქვს. ერთი შეხედვით, თითქოს მარტივი, მაგრამ ამავდროულად, საკმაოდ რთულიც. წარმატებისკენ მიმავალ გზაზე იყო იმედგაცრუება, ტკივილი, ბრძოლა, დასანანი მარცხი, დაცემა….. თუმცა, ეს ხომ სპორტის ზუსტად ის სახეობაა, რომელიც ქვეცნობიერში მუდმივად მიგითითებს, რომ ყოველ დაცემას ფეხზე წამოდგომა მოსდევს, ყოველი იმედგაცრუებით, კონკრეტულ გაკვეთილს იღებ და რაც მთავარია, გასწავლის, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

რაგბი უამრავი ტრადიციის, დაწერილი თუ დაუწერელი კანონებისა და ღირებულებათა თამაშია, რომელშიც სიმბოლიკას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ბრძოლა კი, ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განუყოფელი ნაწილია. წარმოუდგენელია, ითამაშო რაგბი და არ იყო მებრძოლი – ამ ყველაფერს ჩვენი ნაკრების კვართზე დატანილი ორი მთავარი სიმბოლოც უსვამს ხაზს. მკერდზე დატანილი „ბორჯღალი“ და ზურგზე ამოქარგული ვაზი. ყოველ სიმბოლოს თავისი ისტორია და უნიკალური მნიშვნელობა აქვს, მაგალითად: ბორჯღალი ძველი კავკასიური მზის სიმბოლოა, რომლის მბრუნავი ფრთები სიცოცხლის უსასრულობას აღნიშნავს – ბორჯღალი თავისუფლება და მარადისობაა.
ვაზისა და ღვინის სამშობლოში, მეომრებს ოდითგანვე ულამაზესი ტრადიცია ჰქონდათ, რომელიც ქართველების სულის გაუტეხელობას უსვამდა ხაზს. ქართველებს ხშირად უწევდათ და დღემდე უწევთ, საკუთარი ქვეყნის სრულიად უთანასწორო ომებში დაცვა. ხშირად ქართველი მეომრები ვაზის ლერწიან გუდას იკიდებდნენ ზურგზე, რადგან იცოდნენ, რომ ბრძოლაში დაცემის შემთხვევაში, თუ მათ ძმები ვერ დაასაფლავებდნენ, მაშინ მათი სხეული სამშობლოს შეეზრდებოდა და მისით განაყოფიერებულ ნიადაგზე კეთილი ვაზი გაიზრდებოდა. აღსანიშნავია, რომ ბორჯღალოსანთა კვართზე ვაზის ლერწს საქართველოს ყველა სარაგბო ნაკრები არ ატარებს – ამის უფლება და პატივი მხოლოდ მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს აქვს.

1961 წლის 1-ელ დეკემბერს, საქართველოს რაგბის კავშირის წინამორბედი ორგანიზაცია – “თბილისის რეგბის სექცია” დაარსდა, თუმცა, საქართველოს რაგბის კავშირი ოფიციალურად, 1989 წელს დაარსდა და იმავე წლის 12 სექტემბერს, ქუთაისში, ბორჯღალოსნებმა პირველი გამარჯვებაც მოიპოვეს, როდესაც ზიმბაბვეს 16:3 სძლიეს. 1992 წელს, რაგბის საერთაშორისო საბჭომ საქართველოს რაგბის კავშირი 52-ე წევრად მიიღო. ერთი წლის შემდეგ კი, ბორჯღალოსნები პირველად ჩაებნენ მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევ ტურნირში და დანარჩენი უკვე ისტორიაა.
ახლადშექმნილმა რაგბის კავშირმა უმთავრეს მიზნად, მსოფლიო თასის საგზურის მოპოვება დაისახა. არ არსებობს იმაზე დიდი პასუხისმგებლობა და იმაზე დიდი ბედნიერება, ვიდრე წარმოადგენდე შენს სამშობლოს უდიდეს სანაკრებო ფორუმზე. მიზნისკენ მიმავალ გზაზე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო – 1997 წელს, ბორჯღალოსნების მთავარ მწვრთნელად, გამოცდილი ფრანგი სპეციალისტი, კლოდ სორელი დაინიშნა.
კლოდ სორელს იმ დროისთვის ურთულესი მისია დაეკისრა – მისია სახელწოდებით: საქართველო რაგბის მსოფლიო თასზე! თავდაუზოგავმა შრომამ, პირველი შედეგი 2001 წელს გამოიღო, როდესაც საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, ევროპის ერთა თასი მოიგო (რაგბი ევროპის ჩემპიონატი), რითიც ევროპულ სარაგბო იერარქიაში 6-ერის წარმომადგენლების შემდეგ, მე-7 საუკეთესო ქვეყნად იქცა. მას შემდეგ ბორჯღალოსნებმა აღნიშნულ ტურნირზე ჩატარებული 120 მატჩიდან – 102 მოიგეს. 15-ჯერ დაეუფლა ჩემპიონის ტიტულს და ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ განვითარების დონით საქართველომ მის მეტოქეებს მკვეთრად გაუსწრო. სწორედ ესაა ერთ-ერთი მთავარი გარემოება, რის გამოც მუდმივად ვაპელირებთ, რომ დროა საქართველოსთვის 6-ერის კარი გაიღოს. დროა, საქართველოს განვითარებას სწორი შეფასება მიეცეს და ტიერ 1-თან სისტემატური თამაშის საშუალება გარანტირებულად გვქონდეს, რათა კიდევ ერთხელ დავუმტკიცოთ მსოფლიოს სარაგბო საზოგადოებას, რომ ჩვენ ვართ ერი, რომელიც ნებისმიერი მეტოქისთვის კონკურენტუნარიანია.
ამ თემას ვრცლად მოგვიანებით განვიხილავთ, მანამდე კი, ისევ იმ გარემოებას მივუბრუნდეთ, როდესაც ქართული რაგბის საძირკველს ეყრებოდა საფუძველი და იქმნებოდა ნაკრები, რომელიც დღეს მსოფლიო რეიტინგის 11 მოწინავეს შორისაა. კლოდ სორელის გუნდმა 2002 წლის 13 ოქტომბერს, თბილისში, „ეროვნულ სტადიონზე“, ეროვნული სიამაყის განცდა კიდევ ერთხელ აიყვანა ზენიტში – მსოფლიო თასის შესარჩევ მატჩში, საქართველომ რუსეთი 17:13 დაამარცხა და რაგბის მსოფლიო თასის საგზური მოიპოვა. მოგეხსენებათ ისტორია გმირების გარეშე არ არსებობს და არც აღნიშნული მატჩი გამხდარა გამონაკლისი – მისი მთავარი გმირი ლევან ცაბაძეა (ლეონსიო). ბორჯღალოსნების კაპიტანი, რომელმაც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შენების პროცესში თავისი წილი აგური ჩადო და კაპიტანი, რომელმაც წარმატებას საკუთარი ჯანმრთელობა შესწირა. 2001 წელს, გადამწყვეტ მატჩში რუმინეთთან ხერხემლის ტრავმა მიიღო, მაგრამ მოედანზე დაბრუნდა და ლელოც გაიტანა. ეს კიდევ არაფერია, ლევან ცაბაძემ გადამწყვეტი ლელო დადო 2002 წლის 13 ოქტომბერს რუსეთთან მატჩშიც და საქართველოს მსოფლიო თასზე ასპარეზობის სანატრელი ოცნება აუხდინა.

რა მიზანი უნდა დაუსახო ნაკრებს, რომელიც სადებიუტო მსოფლიო თასზე ასპარეზობს და იმ დროინდელი მსოფლიო რაგბის ტიტანებს, ინგლისსა და სამხრეთ აფრიკას უპირისპირდება?
2003 წლის რაგბის მსოფლიო თასზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ნათლობა ინგლისთან შედგა. ინგლისმა გვაზიარა ელიტასთან თამაშის გამოცდილებას, პირველი მწარე გაკვეთილიც ჩაგვიტარა და ბორჯღალოსნების რეკორდული ანგარიშით მარცხიც სწორედ მათ უკავშირდებათ. სადებიუტო მსოფლიო თასის პირველ შეხვედრაში, „ვარდებმა“ 84:6 დაგვამარცხეს და მაშინ პრაქტიკულად ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ქართული რაგბი უახლოეს მომავალში იმ სიმაღლეზე ავიდოდა, რომ ინგლისელები ზედიზედ ორჯერ ერთობლივი ვარჯიშების ჩასატარებლად და გამოცდილების გასაზიარებლად მიგვიწვევდნენ. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ 2003 წლის რაგბის მსოფლიო თასის გამარჯვებული ინგლისი გახდა, რომელმაც გზად ყველა და ყველაფერი გადათელა.
აღნიშნული მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა – კლოდ სორელმა, რიტორიკული კითხვა დასვა, რომელზეც BBC-მ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა: „ჩვენი თამაშით იმედგაცრუებული ხართ? ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო“.
ინგლისთან მარცხი სამოასთან, სამხრეთ აფრიკასთან და ურუგვაისთან მარცხით გაგრძელდა და შედეგად, საქართველომ სადებიუტო მსოფლიო თასზე ასპარეზობა გამარჯვების გარეშე, 4 მარცხით, C-ჯგუფის ბოლო ადგილზე დაასრულა.
გულშემატკივრებს სანუგეშოდ მხოლოდ ის ჰქონდათ დარჩენილი, რომ მსოფლიოს სარაგბო ოჯახმა პირველად მოისმინა საქართველოს ეროვნული ჰიმნი, რის შემდეგაც, ბორჯღალოსნებმა მსოფლიო თასზე პირველი ქულა ინგლისის წინააღმდეგ აიღეს, ხოლო პირველი ლელო არანაკლებ ძლევამოსილ სამხრეთ აფრიკას გაუტანეს. სწორედ აფრიკის წინააღმდეგ გატანილმა ლელომ წარმოაჩინა ის კომპონენტი, რითიც ქართული რაგბი ათწლეულების განმავლობაშია ცნობილი – შერკინება და მოლი, რაც ფორვარდების ფიზიკურ სიძლიერეს უსვამს ხაზს. დავით დადუნაშვილმა მსოფლიო თასზე, პირველი და ულამაზესი ქართული ლელო გაიტანა.
2003 წლის რაგბის მსოფლიო თასმა, შერკინების მოთამაშეების საფრანგეთში გადინებას შეუწყო ხელი. სულ უფრო მეტი ფრანგული სარაგბო კლუბი იჩენდა ინტერესს ფიზიკურად ძლიერი ქართველი ფორვარდების მიმართ და საკუთარ რიგებში ეპატიჟებოდა – შედეგად, საფრანგეთში ქართული ლეგიონი თანდათან გაიზარდა.
იდეაც იმაში მდგომარეობდა, რომ საფრანგეთში გამოცდილება მიღებულ ბორჯღალოსნებს, მომავალ მსოფლიო თასზე უკეთ უნდა ეთამაშათ და ქართული რაგბის პროგრესი გაეგრძელებინათ – ამის შესახებ ბლოგის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ, სადაც 2007, 2011 და 2015 წლების რაგბის მსოფლიო თასებს მიმოვიხილავთ.