
ჩემი თაობის გულშემატკივარს 2007 წლის რაგბის მსოფლიო თასი კარგად ახსოვს, რომელიც საქართველოს ნაკრების მეორე გამოსვლა იყო 2003 წლის დებიუტის შემდეგ. საქართველოში პრაქტიკულად ვერ ნახავთ რაგბის გულშემატკივარს, რომელსაც გიორგი შკინინის დიდებული სოლო რეიდი და ირლანდიის წინააღმდეგ გატანილი ბრწყინვალე ლელო არ უნახავს. ეს იყო ემოციების ზღვა და წამიერად დაშვებული ალბათობა, რომ საქართველოს ირლანდიის დამარცხება შეეძლო. შკინინმა შეძლო და მატჩის ინგლისელი კომენტატორები შოკში ჩააგდო. ვფიქრობ, აღნიშნულ ეპიზოდს ზედმეტი საუბარი არ სჭირდება – ეს არის მომენტი, რომელიც ქართული რაგბის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა.
„საქართველოს გატეხვა შეუძლებელი აღმოჩნდა – ბორჯღალოსნებმა ირლანდიას არნახული ძალისხმევით შეუტიეს. მეორე ტაიმის დაწყებიდან 5 წუთში, შკინინმა საკუთარ 22-მეტრიანთან ო’დრისკოლის მისამართით გაკეთებული პასი ჩაჭრა, 70 მეტრი გაირბინა და ძელებს შორის ბურთი დაამიწა“, – BBC.
ბრწყინვალე ლელოს მიუხედავად, ირლანდიასთან 14:10 დავმარცხდით, მაგრამ „სამყურებთან“ გამართული მატჩი, საქართველოს პირველი თამამი განაცხადი გახდა – ერი, რომლის მოსახლეობაც 4 მილიონზე ნაკლებია და რომელსაც პროფესიონალი მორაგბეები თითზე ჩამოსათვლელად ჰყავს, ბედავს და ირლანდიის დამარცხებას ცდილობს!

2007 წელს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა სკეპტიკოსებს ნათლად დაანახა, რომ წარსულში დაშვებული შეცდომები სწორად იქნა გაანალიზებული და ბორჯღალოსნები ნებისმიერი მეტოქისთვის ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ. ირლანდია შეუპოვარ ქართულ წინააღმდეგობას გადაურჩა, მაგრამ ნამიბია ქართველების გაუტეხელი სულის წინააღმდეგ ვერაფერს გახდა.
საქართველომ, მსოფლიო თასების ისტორიაში პირველი და დღემდე სარეკორდო გამარჯვება ნამიბიის წინააღმდეგ მოიპოვა, როდესაც მეტოქე 30:0 დაამარცხა. მას შემდეგ, მსოფლიო თასზე მეექვსედ ვიასპარეზებთ და 30-ქულიანი სხვაობით მეტოქე არასდროს დაგვიმარცხებია.
2007 წლის რაგბის მსოფლიო თასზე, ქართული რაგბის ლეგენდები ასპარეზობდნენ – ისეთები, როგორიცაა: მამუკა გორგოძე და დავით ზირაქაშვილი. ტიტანები, რომელთაც ქართული რაგბი საკუთარი მხრებით ატარეს და მსოფლიოს გააცნეს.

2011 წლის მსოფლიო თასს რაგბის მექამ უმასპინძლა. „ოლ ბლექსის“ ლეგენდარული გუნდი სათამაშო ფორმის პიკში იმყოფებოდა და საშინაო არენაზე მათ მხოლოდ ერთი მისია ჰქონდათ შესასრულებელი – ჩემპიონობა საკუთარი გულშემატკივრის წინაშე, რასაც თავი იდეალურად გაართვეს.
ახალი ზელანდიის ოქროს ხანის შესახებ საუბარი შორს წაგვიყვანს, ამიტომ ბორჯღალოსნებს მივუბრუნდეთ, რომელთაც 2003 და 2007 წლების მსოფლიო თასებზე მიღებული გამოცდილება, 2011 წლის მსოფლიოზე დამაჯერებლად ასპარეზობაში დაეხმარა.
B-ჯგუფში, ჩვენთვის ავადსახსენებელი ინგლისის, შოტლანდიის, არგენტინისა და რუმინეთის წინააღმდეგ ვითამაშეთ. დიახ, სწორად იმ რუმინეთის, რომელსაც იმ დროისათვის ერთა თასზე დომინანტობა ჩამოვართვით და მათ ერთპიროვნულ ლიდერობას წყალი შევუყენეთ. რუმინეთი ჩვენთვის კარგად ნაცნობი მეტოქე იყო, რომლის დამარცხებაც შეგვეძლო და რომელიც, რა თქმა უნდა, დამაჯერებლად დავამარცხეთ! ბორჯღალოსნებმა მეტოქეს 25:9 სძლიეს და ქართველი გულშემატკივარი მსოფლიო თასზე მოპოვებული კიდევ ერთი გამარჯვებით გაახარეს.
გასაკვირი არაა, რომ ინგლისი ჩვენთვის კვლავ აუღებელი ციხესიმაგრე აღმოჩნდა – „ვარდებმა“ მორიგი გაკვეთილი ჩაგვიტარეს, მაგრამ შოტლანდიამ და არგენტინამ იგივე ვერ გაბედეს. მეტიც, შოტლანდიასთან მატჩის ბოლომდე ბრძოლაში ვიყავით და ინვერკარგილში, მხოლოდ 9-ქულიანი სხვაობით (15:6) დავმარცხდით.
„ვფიქრობ, საქართველომ დამსახურებულად გამოიმუშავა რეპუტაცია იმის, რომ უძლიერესი ფორვარდები ჰყავს, რომლებიც შერკინების მონსტრები არიან. ჩვენი მიზანი, ამ მოცემულობის კიდევ უფრო მეტად დახვეწაა“, – რიჩი დიქსონი ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი.
ჩრდილოეთ ნახევარსფეროს რანგით მე-4 ტიტანი არგენტინა ჩვენთან მატჩს ამაღლებული განწყობით ხვდებოდა, თუმცა, მოედანზე გასვლისთანავე აღმოაჩინეს, რომ საქართველო არათუ ხელწამოსაკრავი გუნდი – არამედ თანასწორი მეტოქე იყო. მატჩის პირველი ტაიმი ბორჯღალოსნების გამარჯვებით 5:7 დასრულდა. არგენტინასთან მოგებული ტაიმის მიუხედავად, „პუმებმა“ მეორე ტაიმში მობილიზება შეძლეს და მატჩი მათ სასარგებლოდ დასრულდა.
ლაშა ხმალაძემ, ალექსანდრე თოდუას ბრწყინვალე პასი დაუფასა და ეფექტური ლელოთი დააგვირგვინა. აღსანიშნავია, რომ ხმალაძისა და თოდუას დუეტმა 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასზე, ავსტრალიის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაშიც გამოიჩინა თავი. ავსტრალიასთან მათ როლები გაცვალეს, ხმალაძემ ხაზი გაჭრა და თოდუას სალელოვე პასი გაუკეთა, რომელმაც ნეკნზე დამაგრებული ფიქსატორით 30 მეტრამდე ირბინა და ავსტრალია დაალელოვა.

2011 წლის რაგბის მსოფლიო თასის შემდეგ, ბორჯღალოსნების ცნობადობა კიდევ უფრო ამაღლდა და მსოფლიო რაგბის დიდ ოჯახში, პატარა საქართველო თანდათან იმკვიდრებდა კუთვნილ ადგილს. ქართველი ფორვარდების აბსოლუტური უმრავლესობა უკვე თამაშობდა ფრანგული ტოპ 14-ის კლუბებში და შერკინების მთავარ გამწევ ძალას წარმოადგენდა.
„საქართველოს სასტარტო თხუთმეტეულიდან, 13 საფრანგეთში თამაშობს. მათი ვარსკვლავი ფლანკერი მამუკა “გორგოძილა” გორგოძეა, რომელიც “მონპელიეში” თამაშობს და L’Equipe-მა ტოპ 14-ის 2010/11 წლების სეზონის საუკეთესო არაფრანგ მოთამაშედ დაასახელა. “აჟენის” დიმიტრი ბასილაია 8 ნომრის პოზიციაზე, შერკინების შემკვრელად ითამაშებს, ხოლო “ტულონის” ბურჯი დავით ქუბრიაშვილი მარქაფაშია და შერკინებას მეორე ნახევარში აძლიერებს. ეს მოთამაშეები ქართული რაგბის სიძლიერეს უსვამენ ხაზს”, – BBC ბორჯღალოსნების შესახებ.

2015 წლის რაგბის მსოფლიო თასს ინგლისმა უმასპინძლა. ნისლიან ალბიონზე, ბორჯღალოსნებმა ისტორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირეს და ჯგუფში 2 მატჩის მოგება შეძლეს. ეს იყო ნაკრები, რომელშიც ვეტერანთა გამოცდილებამ და ახალწვეულთა სულისკვეთებამ იდეალური ტანდემი შექმნა და საქართველო შეუპოვრად მიაწვა.
2015 წელს, ტონგა ჩვენთვის ჯერ კიდევ რთულად დასამარცხებელ ნაკრებს წარმოადგენდა, თუმცა, ჩვენ გვჯეროდა, რომ კუნძულელებზე უკეთესი გუნდი ვიყავით და ეს მოედანზე დავამტკიცეთ!
C-ჯგუფის პირველ შეხვედრაში ტონგელები 17:10 დავამარცხეთ და მსოფლიო თასზე ასპარეზობა ამაღლებული განწყობით დავიწყეთ.
ტონგასთან ვასილ ლობჟანიძის დებიუტი შედგა. ტონგელი გოლიათების პირისპირ მდგარმა პატარა ბიჭმა, ლეგენდარული ჯონა ლომუს რეკორდი გააუმჯობესა და ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელმაც მსოფლიო თასზე იასპარეზა. იმ დროისათვის „ვასკა“ მხოლოდ 18 წლის იყო. პატარა ბიჭმა დიდი გულით მეტოქეს არაფერი დაუთმო და გამარჯვებაში ლომის წილი დადო. ლობჟანიძის რეკორდი დღემდე მოუხსნელია.
ტონგასთან გამარჯვებით მოპოვებული ეიფორია, მეორე ტურში არგენტინელებმა გააფერმკრთალეს! პუმებმა გასულ მსოფლიო თასზე მოგებული პირველი ტაიმი არ გვაპატიეს და დამაჯერებლად დაგვამარცხეს.

2015 წლის რაგბის მსოფლიო თასის კიდევ ერთი გამორჩეული მომენტი ზელანდიასთან მატჩს უკავშირდება. წარმოიდგენდით, რომ შერკინებაში ძლევამოსილ „ოლ ბლექსს“ დავჩაგრავდით? დიახ! ქართული შერკინების წინააღმდეეგ, რაგბის ღმერთებიც კი ვერაფერს გახდნენ. ბორჯღალოსნებმა შერკინებას ძლიერი ბიძგი მისცეს, საქართველო მიაწვა და ერთ-ერთი ასეთი მომენტის შემდეგ, ზელანდიელთა კაპიტნის – რიჩი მაქქოუს გაოგნებული სახის ამსახველი კადრები, სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.
„ოლ ბლექსთან“ გამართული მატჩის მთავარი ჰაილაითი კი, ბექა წიკლაურის ეფექტური ლელოა. რაქში გაღლეტილი ბურთი, არც ისე მარტივი პასი, წიკლაურის საფეხბურთო უნარები, ბურთის იდეალური ასხლეტა და ქართული რაგბის ისტორიაში ალბათ ყველაზე გამორჩეული ლელო. იმ დროს, დედამიწაზე ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ახალ ზელანდიელთა სწრაფ ლელოს ქართველები უსწრაფესად უპასუხებდნენ და ალბათ ვერც იმას წარმოიდგენდნენ, რომ „ოლ ბლექსის“ ვარსკვლავური შემადგენლობის წინააღმდეგ გამართული მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მამუკა გორგოძე დასახელდებოდა. ქართული რაგბის სული და ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ელჩი, სრული სარაგბო და პიროვნული პომპეზურობის მიუხედავად, ტრიბუნაზე მორცხვად იჯდა და მილოცვებს იღებდა.
ჯგუფის ბოლო მატჩში, ნამიბიას დავუპირისპირდით, რომელსაც უპრობლემოდ დავამარცხებდით, მაგრამ მსაჯებმა ყველაფერი იღონეს იმისთვის, რომ საქართველოს მეორე გამარჯვება არ მოეპოვებინა. სარაგბო თემში, არბიტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაპროტესტება, არც ისე დასაფასებელ ჟესტად ითვლება, თუმცა, არსებობს ზღვარი და გარემოება, რომელსაც დუმილით ვერ შეხვდები და დიახ, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ნამიბიასთან მატჩში კატასტროფულად იმსაჯეს.
ამ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ იჩინა თავი ქართულმა სულისკვეთებამ და ბრძოლისუნარიანობა. უსამართლო გადაწყვეტილებით, ბორჯღალოსნები არ გატყდნენ – პირიქით, გაორმაგებული შემართებით შეუტიეს. საქართველო მიაწვა და ნამიბია დაეცა!!
ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოპოვებული 2 გამარჯვების შედეგად, 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლება ავტომატურად გავინაღდეთ.
2015 წლის რაგბის მსოფლიო თასის შემდეგ, სანაკრებო კარიერა, ლეგენდარულმა ქართველმა ბურჯმა – დავით ზირაქაშვილმა დაასრულა. ბოჯღალოსნებისა და კლერმონის შერკინების ლიდერმა, საქართველოს ნაკრებში წარუშლელი კვალი დატოვა და რაგბის გულშემატკივარს სამუდამოდ დაამახსოვრა თავი.

2015 წლის რაგბის მსოფლიო თასის მთავარ შემოქმედად, ახალ ზელანდიელი მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი მოგვევლინა, რომელმაც ქართული რაგბი ახალ სიმაღლეზე აიყვანა. ასისტენტობას კი ლევან მაისაშვილი უწევდა – დიახ, სწორად ის ლევან მაისაშვილი, რომელიც მოგვიანებით ბორჯღალოსნების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და რომლის სახელსაც ქართული რაგბის ისტორიაში ორი უმთავრესი გამარჯვება უკავშირდება!
ჰეიგის ნაკრები მწვერვალზე აღმოჩნდა, რასაც მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, 2017 წელს, წარმატებული ოკეანეთის ტურნე მოჰყვა. კუნძულებზე ამბიციური გეგმებით ჩასულებმა, ტურნეზე ფიჯი და სამოა დავამარცხეთ, ხოლო ტონგასთან მატჩი ფრედ დავასრულეთ. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ყველაზე წარმატებული საზაფხულო ტურნე, რის შემდეგაც გულშემატკივრებში გაჩნდა ამბიცია, რომ ჩვენი ადგილი არა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, არამედ 6 ერში იყო. არგუმენტს სიმყარეს იტალიის კატასტროფული ასპარეზობაც სძენდა და მსოფლიო პრესაც მხარს გვიბამდა – სულ უფრო მეტი ტაბლოიდი წერდა იმის შესახებ, რომ დროა 6 ერის წარმომადგენლებმა საქართველოს კარი გაუღონ.
ოცნებას მძიმე დარტყმა ისევ იტალიელებმა მიაყენეს, როდესაც 2018 წლის ნოემბერში, ფლორენციაში დაგვამარცხეს. ისიც ვთქვათ, რომ იმ დროისთვის იტალია საუკეთესო ფორმაში იმყოფებოდა, ჩვენ კი ნაკრების ძირითადი შემადგენლობის მინიმუმ 5 მოთამაშე დაშავებული გვყავდა.
ფლორენციაში გამართულ მატჩს ვინც ესწრებოდა, დამეთანხმება, რომ ეს იყო პირველი საგარეო შეხვედრა, როდესაც ბორჯღალოსნებს ტრიბუნებიდან უამრავი ქართველი გულშემატკივრობდა. რა თქმა უნდა, არ ვაკნინებ 2008 წლის შემდეგ, ტრაბზონსა და მარიუპოლში, რუსეთის წინააღმდეგ მატჩებში საგულშემატკივროდ მისულ გულშემატკივრებს, მაგრამ 2018 წელს, იტალიაში, რამდენიმე ათასი ქართველი ერთი მიზნისთვის გაერთიანდა.
მიზანს, ფლორენციაში იტალიის დამარცხება წარმოადგენდა და ამისთვის, ბიჭებმა მოედანზე და ფანებმა ტრიბუნებზე ცდა არ დააკლეს, თუმცა, ფორტუნა მასპინძლების მხარეს აღმოჩნდა. ვიყავით „ბრძოლაში ბედნიერნი“, როგორც ჩვენმა ახალ ზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, მაგრამ მწარე ისტორიულმა გამოცდილებამ კიდევ ერთხელ იჩინა თავი – დავმარცხდით, თუმცა მოედანი თავაწეულებმა დავტოვეთ.

2019 წლის რაგბის მსოფლიო თასს იაპონიამ უმასპინძლა. ამომავალი მზის ქვეყანაში საგულდაგულოდ ემზადებოდნენ მთავარი სარაგბო ტურნირისთვის და ამისთვის, იაპონიის რაგბის კავშირმა, 4 წლიანი სამოქმედო გეგმაც კი წარადგინა, რომელსაც შედეგი მსოფლიო თასზე უნდა გამოეღო.
2015-17 წლებში იაპონია და ფიჯი ჩვენს საპირწონედ ითვლებოდნენ. მათ წინააღმდეგ გამართულ მატჩებში მივაღწიეთ ტრიუმფალურ გამარჯვებასაც და დასანან მარცხსაც, მაგრამ 2019 წლისთვის იაპონიამ თავისი განვითარებით მკვეთრად გაგვისწრო. ნაკრებს, რომელსაც მანამდე თანასწორად ვეთამაშებოდით, გაუჩნდა ტიერ 1-ის ქვეყნების დამარცხების ამბიცია, რასაც ჯგუფურ ეტაპზე ბრწყინვალედ გაართვა თავი – იაპონიამ ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა ირლანდია და შოტლანდია.
ფიჯიმ კი ურუგვაისთან სენსაციური მარცხის შემდეგ, მობილიზება ჩვენს წინააღმდეგ შეძლო, ტურნირის საუკეთესო მატჩი ჩაატარა და ერთი მეორეზე ლამაზი ლელოები გაგვიტანა. ოსაკაში, ფიჯიმ სამაგალითოდ დაგვსაჯა, რასაც თავისი ობიექტური მიზეზები ახლდა თან.
2015 წლის რაგბის მსოფლიო თასზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, გულშემატკივარში გაჩნდა ამბიცია, რომ 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასი კიდევ უფრო წარმატებული უნდა ყოფილიყო, თუმცა, როგორც ბორჯღალოსნების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი – ლევან მაისაშვილი ამბობს: „არასწორი მოლოდინები აჩენს დიდ იმედგაცრუებას“. 2019 წელს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები თაობათა ცვლის მტკივნეულ პროცესს გადიოდა – ნაკრებიდან წასული გამოცდილი მოთამაშეების ნაცვლად, ბორჯღალოსნების რიგები ახალგაზრდა და პერსპექტიულმა მოთამაშეებმა შეავსეს, რომელთაც ცდა არ დააკლეს, მაგრამ ამ დონის ტურნირზე ასპარეზობას შესაბამისი გამოცდილებაც სჭირდება. სადებიუტო მსოფლიო თასზე იასპარეზეს გელა აფრასიძემ, თედო აბჟანდაძემ, ოთია გიორგაძემ, ბექა გორგაძემ, ბექა საღინაძემ, ბექა გიგაშვილმა, გურამ გოგიჩაშვილმა, გიორგი კვესელაძემ, ვანო კარკაძემ… ეს ბიჭები დღეს, საქართველო ნაკრების ძირითად ბირთვს წარმოადგენენ და მათ მონაწილეობა მიიღეს ურუგვაის წინააღმდეგ მოპოვებულ დამაჯერებელ გამარჯვებაში.
როგორც უკვე გითხარით, მსოფლიო თასზე რეკორდული სხვაობით გამარჯვება 2007 წელს, ნამიბიის წინააღმდეგ (30:0) მოვიპოვეთ. მსოფლიო თასების ისტორიაში ყველაზე მეტი ქულა კი, 2019 წლის მსოფლიო თასზე, ურუგვაის წინააღმდეგ დავაგროვეთ, როდესაც მეტოქე 33:7 დავამარცხეთ. ეს იყო ერთადერთი გამარჯვება, რომელიც ამომავალი მზის ქვეყანაში მოვიპოვეთ და საბოლოოდ, ტურნირზე ასპარეზობა წარუმატებლად დავასრულეთ.
თაობათა ცვლის პროცესის დასრულების შემდეგ, ერთ მუშტად შეკრული გუნდისა და ამ გუნდის მიერ დაფიქსირებული ისტორიული შედეგის შესახებ, ბლოგის დასკვნით, მე-3 ნაწილში ვისაუბრებთ.